English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვახტანგ ბურდული
საქართველოს ეკონომიკის სექტორების ინოვაციური განვითარების პერსპექტივები მომდევნო ათწლეულში

10.36172/EKONOMISTI.2021.XVIII.01.Vakhtang.Burduli

ვრცელი რეზიუმე

ნაშრომის პირველ ნაწილში ნაჩვენებია, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის წარმოებაში საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების ფართოდ დანერგვას და, მაშასადამე, ეკონომიკის დაჩქარებულ და დაბალანსებულ განვითარებას. ეს პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის სექტორებსა და ქვესექტორებში საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების მოზიდვის სირთულეებთან, უცხოურ ბაზრებზე გამოსაშვებად დასახული პროდუქციის გასაღების სირთულეებთან, ასევე ინოვაციების დაფინანსების სირთულეებთან. საქართველო, ისევე, როგორც სხვა მცირე და საშუალო ქვეყნების უმეტესობა, ეკონომიკის სექტორებსა და ქვესექტორებში საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების აბსოლუტური უმეტესობა, იძულებულია შემოიტანოს ქვეყანაში ან ახალი საპროცესო ტექნოლოგიების იმპორტისა, ან უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების ორგანიზაციის გზით. ამ პრობლემის გადაჭრაში ბიზნესს ხელი უნდა შეუწყონ ინოვაციური ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებმა, რომლებიც ნაშრომის პირველ ნაწილშია აღწერილი. ჩვენი აზრით, ინოვაციური საწარმოების (საბაზისო ინოვაციები) შექმნისა და გასაუმჯობესებელი ინოვაციების დანერგვის კოორდინაცია უნდა განახორციელონ ტექნოპარკებმა, რომლებიც უნდა შეიქმნას პრიორიტეტულად მიჩნეული სექტორებისა ან ქვესექტორებისათვის, ან რამდენიმე წარმოებულად ურთიერთდაკავშირებული ქვესექტორისათვის. საქართველოში უკვე შექმნილია რამდენინე ტექნოპარკი, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ საქმიანობას ძირითადად ინფორმაციულ-კომუნიკაციურ სფეროში (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა დარგში). ასევე, ჩვენი აზრით, უახლეს მომავალში საჭიროა შეიქმნას რამდენიმე სხვა ტექნოპარკი, რომელიც ორიენტირებული იქნება პრიორიტეტულად მიჩნეული დარგიბის განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე საჭიროა რამდენიმე ინოვაციურიკლასტერის ორგანიზება, რომელთა მაკოორდინირებელ ბირთვად ტექნოპარკი გვევლინება. ამასთან საჭიროა არა მრავალი ფაქტობრივად ფორმალური ინოვაციური კლასტერების შექმნა, არამედ რეალურების, ინოვაციური ზრდის მხარდასაჭერად პრიორიტეტულ დარგებში, მაგალითად, ენერგეტიკის და ელექტროტექნიკური მრეწველობის კლასტერის, კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების კლასტერისა და ტყავ-ფეხსაცმლის კლასტერის. მოგვიანებით შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერის შექმნა. ამჟამად ჩანასახოვან მდგომარეობაში არსებობენ: ღვინის წარმოების კლასტერი, რომელიც აერთიანებს ღვინის მწარმოებლებს და ფერმერებს, რომლებიც მათ ყურძნით ამარაგებენ, ასევე, ავეჯის კლასტერი, მაგრამ, პირველ რიგში, ამ კლასტერებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ფუნქცია გასაღების ბაზრების გამოვლენისა და მათი მოთხოვნების შესწავლაში და, ასევე, კლასტერების საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ამ ბაზრებზე წინ წაწევის ხელშეწყობაში. ნაშრომის პირველ ნაწილში ასევე განიხილება ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების პრობლემები.

ნაშრომის მეორე ნაწილში წარდგენილია წინადადებები ეკონომიკის ზოგიერთ სექტორსა და ქვესექტორში უახლოეს პერსპექტივაში ინოვაციური განვითარების შესახებ.

საქართველოში იმპორტი თითქმის ოთხჯერ აღემატება ექსპორტს. ვითარების მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების შექმნით ეკონომიკის პრიორიტეტულად აღიარებულ (მიჩნეულ) სექტორებსა და ქვესექტორებში. ამიტომ ქვეყნის წინაშე მომდევნო ათწლეულში უპირველეს ყოვლისა დგას საბაზისო პროცესული ინოვაციების დანერგვის ამოცანა (ესე იგი ახალი საწარმოების აშენება და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა),  და, ასევე, ზოგიერთ დარგში გასაუმჯობესებელი ინოვაციების რეალიზაციის ამოცანა. ამის გათვალისწინებით, ინტერნეტიდან უახლესი ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე, ჩემს მიერ შემოთავაზებულია საბაზისო ინოვაციების დანერგვისა და ზოგიერთი გასაუმჯობესებელი ინოვაციების შემუშავების და დანერგვის სტრატეგია ეკონომიკის შემდეგი სექტორების და ქვესექტორების ჭრილში: ელექტროენერგეტიკა; მრეწველობის ქვესექტორები (ელექტროტექნიკური მრეწველობა, კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოება; მეტალურგიული მრეწველობა; ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა).